четверг, 26 февраля 2009 г.

ხაჭაპური საფუარიანი
ცომისაგან

ცომის მოსაზელად საჭიროა ავიღოთ 2 ჩაის ჭიქა სითხე(რძე ან წყალი) , გავათბოთ, გავხსნათ შიგ საფუარი, დავამატოთ კვერცხი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი, ცხიმი გაცადნოთ დავზილოთ ცომი ცხიმიანი ხელით, სანამ ცომი ცხიმს მთლიანად არ შეიზელს. მოზელილ ცომს მოვაყაროთ ფქვილი, დავახუროთ სუფთა ტილო და დავდგათ თბილ ადგილას 3–4საათი, გაფუების პროცესში ცომი 2–3ჯერ დავზილოთ.
მოვამზადოთ ყველის სატენი შემდეგნაირად; ყველი დავჭრათ ნაჭრებად, დავასხათ ცივი წყალი და დავალბოთ(თუ ყველი მარილიანია). რამდენად მარილიანია ყველი, დალბობის დროც იმის მიხედვით განისაზღვრება, სულ უმარილო, ახალ ყველს დალბობა არ სჭირდება. ყველი კარგად დავჭყლიტოთ ავურიოთ კვერცხი და ცხიმი, ცომი გავაბრტყელოთ, მივცეთ მრგვალი მოყვანილობა, მოვათავსოთ ზედ ყველი, მოვუკრათ პირი და გამოვაცხოთ, ასეთი ხაჭაპურის გამოცხობა შეიძლება კეცებში, აირღუმელში და ტაფაზე. თუ ხაჭაპურს აირღუმელში გამოვაცხობთ, ზემოდან წავუსვათ გათქვეფილი კვერცხის გული

მასალა:
ფქვილი 1 კგ ცხიმი 5–6 სუფრის კოვზი
საფუარი 3–5 გრამი კვერცხი 3–4 ცალი
სითხე 2 ჩაის ჭიქა ყველი 1 კგ
___________________________________________________________________________________________________________________________
კეცში გამომცხვარი ხაჭაპური

მოვზილოთ მაგარი ცომი თბილი წყლით და ფქვილით. ცომი გავჭრათ რამდენიმე ნაჭრათ, გავათხელოთ, დავდოთ ზედ ზემოაღნიშნული წესით მომზადებული ყველი, მოვუკრათ თავი, გავაბრტყელოთ და დავდოთ გახურებულ კეცზე. კეცები ერთი მეორეზე შევაწყოთ ზემოდანაც დავახუროთ გაცხელებული კეცი და გამოვაცხოთ
მასალა:

ფქვილი 1 კგ
ყველი 1 კგ
კვერცხი 3ც
__________________________________________________________________________________________________________________________
ხაჭაპური ფენოვანი ცომისაგან

კვერცხი გავთქვიფოთ, დავასხათ თბილი წყალი, დავამატოთ ძმარი, ზეთი და მოვზილოთ მაგარი ცომი. 400 გრამი მარგარინი გავყოთ სამ ნაწილად. ცომი კარგად გავაბრტყელოთ და ხელით წავუსვატ მარგარინის მესამედი ნაწილი, დავკეცოთ კონვერისებურად და შევდგათ მაცივარში 30–40 წუთი; შემდეგ გამოვიღოთ, კარგად გავაბრტყელოთ და წავუსვათ მარგარინის მესამედი ნაწილი, გადავკეცოთ და კიდევ შევდოთ იმავე დროით მაცივარში, ეს პროცესი გავიმეოროთ მესამედაც. ასეთი ცომი შეიძლება მაცივარში შევინახოთ 2–3 დღე და როცა გვინდა, მაშინ გამოვაცხოთ.მომზადებული ენოვანი ცომი გავაბრტყელოთ თუნუქის ფურცელზე, დავადოთ ყველის გულსართი, ზემოდან დავადოთ გაბრტყელებული მეორე ცომი, ნაპირები შევუკრათ, ზემოდან წავუსვათ რძეში ან წყალში გახსნილი კვერცხის გული და შევდგათ კარგად გაცხელებულ აირღუმელში გამოსაცხობათ. შუა ცხობის დროს დროს ცეცხლის სიძლიერე მოვუკლოთ

მასალა:
კვერცხი 1ც ძმარი 3 სადილის კოვზი მარგარინი 400 გრ
წყალი 1ჩაის ჭიქა ზეთი 3 სადილის კოვზი ყველი 1 კგ
ფქვილი 3 ჩაის ჭიქა კვერცხი 2–3 ცალი

____________________________________________________________________________________________________________

ხაჭაპური ნაზავი ცომისაგან

მაწონში ჩავასხათ ძმარში გახსნილი სოდა ცოტა ხანს გავაჩეროთ. კვერცხი კარგად გავთქვიფოთ გამდნარ კარაქთან და სითბოში გავაჩეროთ, როცა გაფუვდება, გავაბრტყელოთ, დავადოთ ყველის გულსართი, მოვუკრათ პირი, გადავიტანოთ ფქვილმოყრილ თუნუქის ფურცელზე, ხელით კარგად გავაბრტყელოთ, რომ ფურცელი მთლიანად სეივსოს. ზემოდან წავუსვათ რძეში ან წყალში გახსნილი კვერცხის გული და გამოვაცხოთ

მასალა:
კვერცხი 4 ცალი მაწონი 0.5 ლიტრი ძმარი 1სადილის კოვზი
კარაქი 100 გრ სოდა 1 ჩაის კოვზი ფქვილი რამდენსაც შეიზელს
ყველი 500 გრ
___________________________________________________________________________________________________________________________

ტაფაზე გამომცხვარი ხაჭაპური

მაწონში მოვზილოთ რბილი ცომი. მოზელის ბოლოს ცომი გავაბრტყელოთ, მოვაყაროთ ცოტა სოდა, გადმოვაბრუნოთ, რომ სოდა თანაბრად განაწილდეს, ცომზე გადავკეცოთ, გავაბრტყელოთ და კიდევ მოვაყაროთ სოდა. ასე გავიმეოროთ სამჯერ. ბოლოს მოვაყაროთ ფქვილი, დავაფაროთ სუფთა ტილო და სითბოში გავაჩეროთ.
მოვჭრათ ცომი სასურველ ხაჭაპურისთვის, გავაბრტყელოთ, მოვათავსოთ ზედ ყველი, მოვუკრათ პირი და დავადოთ გაცხელებულ ტფაზე, დავაფაროთ სახურავი; როცა ერთიმხარე გამოცხვება, გადავაბრუნოთ და მეორე მხარე მხარე გამოვაცხოთ თავდაუხურავად. ხაჭაპური გადმოვიღოთ თეფშზე და ცხელ–ცხელს წავუსვათ კარაქი. ასეთი ცომი შეიძლება შევინახოთ ორი–სამი დღე.
ყველის მომზადება: იმერული ან ქართული ყველი ბრტყელ ნაჭრებად დავჭრათ, დავასხათ წყალი და გავაჩეროთ წყალში. მერე კარგად გავწუროთ და ავურიოთ შიგ კვერცხი

მასალა:
მაწონი ნახევარი ლიტრი სოდა 1 ჩაის კოვზი
პურის ფქვილი საჭირო რაოდენობის ყველი 500გრ
კვერცხი 2 ც
___________________________________________________________________________________________________________________________

ოსური ხაჭაპური

მოვზილოთ ჩვეულებრივი საფუარიანი ცომი და დავდგათ ასაფუბლათ. როცა გაფუვდება, ამოვაგუნდაოთ, გავაბრტყელოთ, ბლომად დავაყაროთ დაფშვნილი ახალი ოსური ყველი და მოვუკრათ თავი. ტაფა კარგად გავაცხელოთ, დავდოთ ერბო და გამოვაცხოთ ხაჭაპური ორივე მხრიდან, შეწითლებამდე
___________________________________________________________________________________________________________________________

აჭარული ხაჭაპური

მოვზილოთ საფუარიანი ცომი როგორც ზემოთ არის აღწერილი. სანამ ცომი კარგად გაფუვდება, მოვამზადოთ ყველის გულსართი. ამისთვის ავიღოთ ახალი ყველი, დავჭყლიტოთ ხელით, შეიძლება ახალი ხაჭოც ავურიოთ. მოვჭრათ ცომი, დაახლოვებით 200 გრამი, გავაბრტყელოთ 2–3სმ სისქემდე, მივცეთ ოდნავ მოგრძო ფორმა, დავდოთ ყველის გულსართი ისე, რომ ირგვლივ 3 სმ ცარიელი დარჩეს, სემდეგ გადავაფაროთ ნაპირები ყველის გულსართს და ასეთნაირად მომზადებული დავდოთ თუნუქის ფურცელზე. ნაპირებზე წავუსვათ კვერცხი და შევდგათ აირღუმელში გამოსაცხობად, როდესაც სეწითლდება, ხაჭაპურის სუაგულში ჩავახალოთ მთლიანი კვერცხი და კიდევ გავაჩეროთ ღუმელში 2–3 წუთი. შემდეგ დავადოთ კარაქის ნაჭერი და ასე ცხელ–ცხელი მივიტანოთ სუფრაზე

მასალა:
ხაჭაპურის ცომისათვის: ყველის სატენისათვის:
ფქვილი 100გრ ყველი 75გრ
წყალი 50 გრ კვერცხი 1–2 ცალი
საფუარი 50 გრ კარაქი 20 გრ
___________________________________________________________________________________________________________________________

აჩმა

გავთქვიფოთ კვერცხები, დავამატოთ 1 ჭიქა წყალი, ფქვილი და მოვზილოთ მაგარი ცომი. ცომი გავყოთ 6 ნაწილად და შევდგათ მაცივარში ერთი საათით. თასით ავადუღოთ წყალი, ჩავუმატოთ მარილი. ცომის ერთი ნაწილი ძალიან თხლად გავაბრტყელოთ, ჩავდოთ ადუღებულ წყალში 1–2 წუთით, ამოვიღებთ თუ არა, მაშინვე ცივ წყალში მოვათვსოთ 1 წამით, ამოვიღოთ დავწუროთ ზედმეტი წყლისაგან, დავდოთ წინასწარ მომზადებულ კარაქწასმულ თუნუქის ფურცელზე და ზემოდან წავუსვათ კარაქი. ასევე გავიმეოროთ ექვსივე გუნდის გაბრტყელება–მოხარშვა.
წინასწარ ჭყინტი ყველი დავფხვნათ ან დავჭრათ ბრტყელ ნაჭრებად. დავდოთ ორი ფენა ცომი, წავუსვათ კარაქი, თანაბრად მოვაყაროთ დაფშვნილი ყველი, მერე ისევ ორი ფენა ცომი დავდოთ, კარაქი წავუსვათ. ბოლო ფენა ყველაზე დიდი უნდა იყოს, ამოვუკეცოთ გვერდები ცომს, წავუსვათ კვერცხის გული და სევდგათ ღუმელში გამოსაცხობად. შეგვიძლია გამოცხობამდე დავჭრათ და ისე გამოვაცხოთ

მასალა:
კვერცხი 5 ცალი წყალი 1 ჩაის ჭიქა
კარაქი 300–500გრამი ქვილი რასაც შეიზელს
ყველი 1 კგ
___________________________________________________________________________________________________________________________

ფშავ - ხევსურული ხაჭაპური

დავფშვნათ ახალი ყველი, სევაზილოთ კარაქი და ჩავყაროთ ქოთანში, რომელიც ცეცხლისპირას არის დადგმული. შიგვე ჩავყაროთ ფქვილი და განუწყვეტლივ ვზილოთ ხის კოვზით. დაახლოვებით 1 საათის დუღილის შემდეგ ამოვიღოთ ჟამებზე და ცხელ–ცხელი მივიტანოთ მაგიდაზე, ცხელ ხაჭაპურთან შეიძლება მივიტანოთ ცივი რძე.

მასალა:
ყველი 1კგ
ერბო ან კარაქი 300გრ
პურის ფქვილი ჩაის ჭიქა


სიმინდის ფქვილის ხაჭაპური (ჭვიშტარი)

სუფთა გაცრილი სიმინდის ფქვილი მოვზილოთ რძესა და მაწონში. ავურიოთ ერთი-ორი კვერცხი. ამოვაგუნდაოთ გუნდა, გავყოთ ორ ნაწილად და გავაბრტყელოთ. ერთი ფენა დავდოთ გახურებულ ქვის კეცზე, მოვაყაროთ 5-6 ჩაის ჭიქა დაფხვნილი იმერული ყველი, დავაფაროთ ზემოდან ცომი მეორე ნახევარი და გავაბრტყელოთ. ზემოდან მოვასხათ დაფხვნილი ყველისა და კვერცხის ნარევი. დავადოთ თუნუქის სახურავი, დავაყაროთ ნაცარნარევი ნაკვერჩხლები და გამოვაცხოთ გაწითლებამდე.

საფუარიანი ცივი ცომი ხაჭაპურისთვის

კარაქი და მარგარინი კარგად დავკეპოთ ფქვილთან ერთად, გავაკეთოთ ღრმული და ჩავასხათ ცივი რძე, რომელშიც კარგად იქნება გახსნილი საფუარი. მოვზილოთ საშუალო სიმაგრის ცომი და მოვათავსოთ მაცივრის საყინულეში 40-50 წუთი. გამოვიღოთ, გავაბრტყელოთ და გამოვაცხოთ ხაჭაპური ჩვეულებრივი წესით. ასეთი ცომი შეიძლება მაცივარში შევინახოთ რამოდენიმე დღე და შემდეგ გამოვიყენოთ. ყველის გულსართი მზადდება ჩვეულებრივი წესით.

მასალა:
კარაქი ან მარგარინი-200 გრამი
რძე-1 ჩაის ჭიქა
საფუარი-25 გრამი

ხაჭაპური კარტოფილით

მოვზილოთ ცომი წყლით, გავაბრტყელოთ, მოვათავსოთ ზედ კარტოფილისაგან მომზადებული მასალა და ჩვეულებრივი წესით გამოვაცხოთ კეცში ან ღუმელში.
კარტოფილის მასალა მზადდება შემდეგნაირად: კარტოფილი გავთალოთ, დავჭრათ, დავასხათ წყალი და კარგად მოვხარშოთ, ხის კოვზით კარგად დავზილოთ, დავუმატოთ ორი სუფრის კოვზი კარაქი ან ერბო, შევაზაოთ მარილით, შავი პილპილით, შევაგრილოთ და ისე გამოვიყენოთ.



ხაჭაპური კარტოფილით და ყველით

მოვზილოთ ცომი, გავაბრტყელოთ, მოვათავსოთ ზედ კარტოფილ-ყველნარევი მასალა და ჩვეულებრივი წესით გამოვაცხოთ კეცში ან ღუმელში.
კარტოფილ-ყველიანი მასალა გამოვაცხოთ შემდეგნაირად: ოსური ყველი დავფხვნათ, ავურიოთ შიგ კარგად აზელილი მოხარშული კარტოფილი (ერთი ნაჭილი ყველი სამ ნაწილ კარტოფილზე), დავამატოთ კარაქი და კარგად ავურიოთ.



ფხალიანი ხაჭაპური

უმი ჭარხლის ფოთოლი წვრილად დავჭრათ, დავაყაროთ მარილი და გავაჩეროთ ასეთ მდგომარეობაში რამდენიმე ხნით. ამის შემდეგ კარგად გავწუროთ, ავურიოთ შიგ დაფხვნილი იმერული ყველი. ასეთი წესით მომზადებული ფხალი მოვათავსოთ ზემოაღნიშნული წესით მომზადებულ და გაბრტყელებულ ცომზე. მოვუკეცოთ ნაპირი, წავუსვათ ზედ გათქვეფილი კვერცხის გული და გამოვაცხოთ კეცში ან ღუმელში. გამომცხვარ ხაჭაპურს ზედ წავუსვათ კარაქი ან ერბო.